ქართული ენის სამოქალაქო განათლების კურსების შემაჯამებელი კონფერენცია
5 ივნისს ასოციაცია ტოლერანტის პლატფორმა ZOOM-ის სივრცეში ჩატარდა სამოქალაქო ენის შემსწავლელი კურსების შემაჯამებელი მეორე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტურცხის, გორელოვკასა და ალათუმანის ახალგაზრდა ლიდერებმა, რომლებმაც პროექტ “ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიარეს 3 თვიანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების კურსი და საბოლოოდ კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციები.
პირველ რიგში, კონფერენციის მსვლელობისას, კურსების პედაგოგებმა სალომე ლომიძემ, შორენა აკოფაშვილმა და დალი ბოლქვაძემ წარმოგვიდგინეს გაკვეთილების შემაჯამებელი პრეზენტაციები - თემები, რომლებიც გაიარეს კურსების დროს და შედეგები, რომლებზეც გავიდნენ მუშაობის პროცესში.
ჩვენი აქტიური ახალგაზრდა ლიდერების მიერ წარმოდგენილი თემები გახლდათ:
"განათლება წინათ და ახლა" (სოფელი ალათუმანი) - პრეზენტაციაში ახალგაზრდებმა განიხილეს განათლება და თანამედროვე ქართული კონსტიტუცია, განათლება ძველად და ახლა სოფელ ალათუმანში, სადაც ისაუბრეს ძველსა და ახალ ტენდენციებზე და ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე განათლების მიღებასა და სწავლის უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელებაზე, პრეზენტაციისთვის ახალგაზრდებმა ჩაატარეს გამოკითხვა სტუდენტებთან და ძველი თაობის წარმომადგენლებთან;
"კომპიუტერი და ახალგაზრდობა" (სოფელი ალათუმანი) - პრეზენტაცია ძირითადად შეეხებოდა დღევანდელი ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე კომპიუტერის მიმართ. ასევე განხილული იყო კომპიუტერის მოხმარების წესები და ის პრობლემები რომლებიც კომპიუტერთან არასწორი მუშაობა იწვევს;
"ოჯახური ძალადობის პრობლემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში" (სოფელი გორელოვკა) - ახალგაზრდა ლიდერებმა კონფერენციისთვის ჩაატარეს გამოკითხვა სოფელ გორელოვკაში აღნიშნული თემის ფარგლებში და წარმოადგინეს კვლევის ანგარიში, სადაც მათ წარადგინეს ინტერვიუებისა და გასაუბრებების ანგარიშები სოფელ გორელოვკაში არსებული ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ, საბოლოოდ გაიმართა დისკუსია ამ პრობლემის მოგვარების გზების გამოსავლენად;
"ტრეფიკინგი" (სოფელი ტურცხი) - საკონფერენციო თემაში განხილულ იქნა ტრეფიკინგის არსი, მისი წარმოშობის ისტორია და ტრეფიკინტის მაგალითები საქართველოს ისტორიაში, 21-ე საუკუნის მონობის შემთხვევების და მისგან თავის დაცვის საშუალებები;
"ქალთა უფლებები და ჩვენი სოფელი" (სოფელი ტურცხი) - პრეზენტაცია ძირითადად ეხებოდა ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას, სოფელ ტურცხში არსებულ ძველ ტრადიციებსა და ახალ სტერეოტიპებზე, რომლებიც დამკვიდრებულია სოფელში ქალის ქცევაზე, ჩაცმულობასა თუ ცხოვრების სტილზე, პრეზენტაციისთვის მასალების მოგვროვების მიზნით ახალგაზრდებმა სოფელ ტურცხის მოსახლეობაში ჩაატარეს შესაბამის თემაზე გამოკითხვა.
პროექტი დაფინანსებულია "ღია საზოგადოების ფონდის" მიერ.